Year: 2024
Type: article
Abstract: წარმოდგენილია „ბნელი ტრიადის“ შემოკლებული კითხვარის (Short Dark Triad – SD3, Jones, Paulhus, 2014) ადაპტაციის შედეგები ქართველი ახალგაზრდების შერჩევაზე. „ბნელი ტრიადა“ აერთიანებს სამ ნეგატიურ ნიშანს – მაკიაველიზმს, არაკლინიკურ ნარცისიზმსა და ფსიქოპათიას, რომლებიც გავლენას ახდენს „მე“-კონცეფციის ჩამოყალიბებაზე, პიროვნებათშორის ურთიერთობათა დინამიკასა და კარიერულ წინსვლაზე. ამ სამი ნიშნის ერთიან კომპლექსად განხილვის იდეა კანადელ მკვლევარებს, Paulhus და Williams (2002), ეკუთვნის. „ბნელი ტრიადის“ ნიშნების გამოვლინება მსგავსია, თუმცა თითოეულს სპეციფიკური წილი შეაქვს ასოციალურ ქცევაში. კვლევაში მონაწილეობა 464 პირმა მიიღო, საშუალო ასაკი 21.4±6.2. ნაჩვენებია, რომ კითხვარის ქართული ვერსიის სტრუქტურა ემთხვევა, ძირითადად, ორიგინალური კითხვარის სტრუქტურას. მაკიაველიზმის, ნარცისიზმისა და ფსიქოპათიის სკალების შიდა შეთანხმებულობა აღემატება 0.7-ს. „ბნელი ტრიადის“ ნიშნებს შორის კორელაცია 0.30-0.43 ფარგლებშია, რაც შეესაბამება სხვა მკვლევართა შედეგებს. პიროვნულ დისპოზიციურ ნიშნებთან („დიდი ხუთეული“) შეპირისპირებისას დადასტურდა თეორიულად მოსალოდნელი კავშირები: უარყოფითი კორელაცია სამივე სკალისა (მაკიაველიზმი, ნარცისიზმი, ფსიქოპათია) კეთილგანწყობასთან, ფსიქოპათიისა კეთილსინდისიერებასთან, აგრეთვე დადებითი კორელაცია ნარცისიზმსა და ექსტრავერსიას, ახალი გამოცდილებისადმი გახსნილობას შორის. კითხვარის საკმაოდ კარგი ფსიქომეტრული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შემუშავებული ქართული ვერსია შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანდო და ვალიდურ ფსიქოდიაგნოსტურ ინსტრუმენტად. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კვლევითი, ისე ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზნებისათვის.
Institutions: Sokhumi State University, Tbilisi State University
Language: English
Subfield: Clinical Psychology
Field: Psychology
Domain: Social Sciences
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402850169
