აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია და გეოპოლიტიკური იდენტობები საქართველოში 2019-2024 წლებში: არჩევნები, პარტიული ლოიალობა და ქუჩის მობილიზაცია
Year: 2026
Type: article
Abstract: ბოლო წლების მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ანტირუსული და პროევროპული პოლიტიკური განწყობები ფუნქციონირებს არა მხოლოდ საგარეო ორიენტაციის განმსაზღვრელად, არამედ როგორც აფექტურად დამუხტული გეოპოლიტიკური იდენტობები, რომლებიც კრიზისულ მომენტებში კოლექტიური მოქმედების მდგრად რესურსად გარდაიქმნება. საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიზაციის პროცესი კვლავ კონსოლიდაციის ფაზაშია, ქუჩის პროტესტი ხშირად ფორმირდება როგორც ძალაუფლებასთან დაპირისპირების მთავარი ინსტრუმენტი და პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი ფაქტორი (Tilly & Tarrow, 2007; della Porta, 2013).საზოგადოებაში მკაფიოდ იკვეთება ორი გეოპოლიტიკური ვექტორი - ევროპული და რუსული, რომლებიც მორალურად დამუხტულ იდენტობებად არის ქცეული. ევროპულობა ასოცირდება დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასა და მომავალთან, მაშინ როცა რუსული კოდი უკავშირდება ოკუპაციას, ავტორიტარიზმს, საფრთხესა და მძიმე წარსულს. ამგვარი აღქმები ქმნის „ჩვენ“ და „ისინი“ ტიპის დაყოფას, სადაც პოლიტიკური მიკუთვნებულობა გადადის გეოპოლიტიკური მორალური შეფასების ჭრილში. აღნიშნული მიმართების ანალიზისთვის გამოყენებულია ჯენიფერ მაკკოისა და მურატ სომერის მიდგომები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმ შემთხვევებზე, როდესაც საზოგადოებრივი პოლარიზაცია ფორმირდება სახელმწიფოს განვითარებისათვის გადამწყვეტი განხეთქილების ირგვლივ (Murat Somer, Jennifer L. McCoy, 2019).ნაშრომი აერთიანებს აფექტური პოლიტიკური პოლარიზაციის, გეოპოლიტიკური იდენტობის ფორმირებისა და წინააღმდეგობრივი პოლიტიკის თეორიულ პერსპექტივებს, რათა აჩვენოს, თუ როგორ იქცევა სიმბოლური საერთაშორისო ორიენტაცია შიდა პოლიტიკური ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორად. კვლევა ეყრდნობა დისკურსულ ანალიზს და მოიცავს 2019-2024 წლებში წინასაარჩევნო კამპანიების ძირითად აქცენტებს, მასობრივი მანიფესტაციების სლოგანებს, საჯარო განცხადებებსა და კვლევითი ორგანიზაციების გამოქვეყნებული მასალების ანალიზს.შესწავლის პროცესმა აჩვენა, რომ პარტიული ლოიალობა და ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვნად განისაზღვრება ერთი საერთო ფაქტორით - საზოგადოების აღქმით, მიჰყავს თუ არა ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალების ქმედებებს ქვეყანა ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. ამასთან, პოლიტიკური აქტორები საკუთარი და მოწინააღმდეგე ძალების რეპრეზენტაციისას აქტიურად ახდენენ მათ პროევროპულ და პრორუსულ ბანაკებთან ასოცირებას.ამ პირობებში პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღიქმება არა მხოლოდ განსხვავებული შეხედულების მქონე აქტორად, არამედ ცივილიზაციური არჩევანის საპირისპირო მხარედ, რაც ზრდის ბრაზს, შიშს, მორალურ ვალდებულებასა და კოლექტიური მოქმედების საჭიროებას.
Source: Politics / პოლიტიკა
Author: Saralidze, Mariam
Institution: Ilia State University
Language: English
Field: Social Sciences
Domain: Social Sciences
Open Access status: diamond
OpenAlex ID: W7220262243
